„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან რეგულაციები, თუ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, ბევრი დაიღუპება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ და ქვეყანაში იქნება ათასობით კოვიდ-ინფიცირებული, შესაბამისად გარდაცვლილთა რიცხვიც მოიმატებს.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, გვინდა კიდევ შეზღუდვების გარეშე ვიყოთ? მხოლოდ პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ჩვენ გვერდით ბევრი ინფიცირებული გვყავდეს? კლინიკებში ადგილები არის, თუ საჭირო გახდა საწოლფონდი 5 ათასამდე გაიზრდება, უბრალოდ არ გვინდა ეს მოხდეს. არ გვინდა ბევრი ინფიცირებული იყოს, რადგან რაც მეტი დაავადდება, მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ისე არ დაიღუპებოდა. ეს უნდა გავითავისოთ. თუ გახდება ასი ათასი კაცი, იქიდან ერთი პროცენტი უკვე ბევრია. არ გვინდა ათასი კაცი გარდაიცვალოს ამ „კოვიდით“. თუ ბევრი გახდება ავად, ბევრი მოკვდება, თორემ ბევრი უპრობლემოდაც გადაიტანს. გავწიროთ ჩვენი ხანშიშესული თაობა და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ?!“ – განაცხადა იმნაძემ „იმედის“ ეთერში.
ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობა მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში მობილობა მაღალია.
„ეს არის ის, რაც მოსალოდნელი იყო. ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, მობილობა მაღალია. მოსალოდნელი მატებაა, თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონავირუსი. ელემენტარული რეკომენდაციები რომ შესრულებულიყო, ასე არ იქნებოდა. ქორწილში ყველა ვყოფილვართ, იქ დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ ამხელა ქორწილი არ უნდა ჩატარდეს. ამის შედეგებს ახლა ვიმკით. ჯერ ჩვენი ძალები ამ შემთხვევებს ჰყოფნის. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირების წყაროები არ ვიცით, რაც გვაშფოთებს. ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩვენ ყველა კონტაქტს ვიკვლევთ. როდესაც კონტაქტების გამოკვლევისას ან კარანტინში დაფიქსირდება ინფექცია, ეს ნაკლებად შემაშფოთებელია, რადგან ეს ადამიანები კონტროლის ქვეშ იყვნენ, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანია, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა გვიჭირს. როდესაც ასეთი ადამიანები ბევრნი იქნებიან, ეს ეპიდემიის კონტროლს გაართულებს“, – განაცხადა იმნაძემ.
10 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.