logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი სასამართლო მოქალაქეებისათვის ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საიმედოა
- +

17 სექტემბერი. 2020. 13:02

 

 

„დღეს ჩვენი სასამართლო მოქალაქეებისათვის ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო დამოუკიდებელი და საიმედოა“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რომელიც ევროპარლამენტის ანგარიშში სასამართლო სისტემის შესახებ ჩანაწერს შეეხებოდა.

 

თალაკვაძის შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ სასამართლო სისტემასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის განსხვავება ადვილად დასანახია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

 

„მოგეხსენებათ, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აფასებს პროგრესს. პროგრესი, თავისთავად, არის იმ გადაწყვეტილებების და რეფორმების უწყვეტი პროცესი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. ვფიქრობ, დღეს თითოეული მოქალაქისა და ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის კონტრასტი და განსხვავება ძალიან ადვილად დასანახი და თვალშისაცემია. ის სასამართლო, სადაც სახელმწიფო მოქალაქესთან დავაში ყოველთვის მართალი იყო,  იმ პოლიტიკის გამგრძელებელი გახლდათ, რასაც პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ადგენდნენ მოქალაქესთან მიმართებაში; სასამართლო, რომელში დავის შედეგადაც, ათასობით ჩვენი მოქალაქე მიდიოდა სტრასბურგში და ევროსასამართლოში ეძებდა სამართალს.

 

დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია, ევროსასამართლოში მიმართვების 60-პროცენტიანი კლება გვაქვს. სასამართლოს მუშაობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში ბალანსია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დღეს ბევრად უფრო მეტად პოულობენ სამართალს ეროვნულ სასამართლოებში. ასევე, თუ ვნახავთ საერთაშორისო რეიტინგებსაც, იქაც ვნახავთ, რომ ჩვენი ქართული სასამართლო არის 16 სასამართლო სისტემას შორის ევროპაში. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ქვეყანა და სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემის პროგრესს საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ.

 

„ჩვენ სასამართლოში რეფორმების ოთხი ტალღა განვახორციელეთ. მეოთხე ტალღა ახლა მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ახალ ცვლილებებზე დღესაც ვმსჯელობთ, რაც ასევე ემსახურება სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებას და გაძლიერებას.

 

ეს არის პროგრესი, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან  დანახულია. რასაკვირველია, სრულყოფილი სასამართლო არ არსებობს, არც საქართველოს აქვს სრულყოფილი სასამართლო. ჩვენ გჭირდება რეფორმების გაგრძელება, მაგრამ დღეს ჩვენი სასამართლო არის ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო დამოუკიდებელი და საიმედო ჩვენი მოქალაქეებისათვის, ვიდრე წარსულში ყოფილა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner