ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი ზურაბ ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სოციალურ ქსელში კოვიდდღიურების წერას განაგრძობს
“დღეს არის მე-8 დღე მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამომივლინდა. სიცხე არცერთს გვაქვს. ირაკლის ამოსახველებელი სჭირდება, თუმცა ცალკე ხველა არ გვაქვს. სისხლის გამათხელებელს გვიკეთებენ. დღეს ყველაზე მშვიდი დღეა ჩვენთვის. ხვალ კიდევ მიწევს ანალიზები და ვნახოთ, რას მეტყვიან. მაინც მგონია, რომ მსუბუქად გადაგვაქვს.
ვხვდები, რომ ჩემი და ჩემი ძმის ერთი მიმიკის ცვლილებაც კი შიშის და შფოთვის მომგვრელია ყველა გარშემომყოფისთვის, რადგან ჩვენი თითოეული ნეგატიური ამბავი შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერი მათგანისთვის სიმპტომი გახდეს.
გუშინ ვეუბნებოდი ირაკლის, რომ ერთადერთი, რითაც მართლა დავისვენეთ, კოვიდის ქონის შიშია, რომ არიქა, ახლა ხომ არ მჭირს და არიქა, პირბადე ცუდად ხომ არ მეკეთა და ა.შ. ჩვენთვის ეს ისტერიკა, ალბათ, 2-3 თვით დასრულებულია. შეიძლება, უფრო მეტითაც, მაგრამ ამის კვლევები ჯერ ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა, რადგან ვირუსი 10 თვეა, რაც არსებობს.
ისიც საინტერესოა, ვის როგორი მუტაცია გამოვლილი ვირუსი შეხვდება. ის ხომ ორგანიზმიდან ორგანიზმში მოგზაურობს და მათს იმუნიტეტებთან აქვს ომი. შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ რაც უფრო დრო გადის, ვირუსი უფრო უძლურდება, რაც მომდევნო მიმღებებს ვითარებას აღარ ურთულებს, თუმცა კორონას შემთხვევაში, ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, რადგან ვირუსებს ასევე ახასიათებთ მუტაცია და შესაძლოა, პირიქით, უფრო მეტი თავდაცვა გამოიმუშავონ…
ბოლო სამი დღეა, წამოღებული ფოტოაპარატი ამოვქოქე და დეტალებს ვიღებ. მინდა, ჩვენი ყოველდღიურობა მეტნაკლებად ავსახო. პალატა, საწოლები, წამლები, უამრავი პლასტმასის ჭიქა, რომლითაც აბებს გვაწვდიან, შეფუთული ექიმები და ხედები. ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ.
ჩვენი საავადმყოფოს წინ მშენებლობაა. არ ვიცით, რას აშენებენ, თუმცა გუშინ საღამოს მუშებმა მანქანის ძარაზე სვეს, დათვრნენ და “ვარავსკოი” ნაგავი მუსიკა და ერთმანეთთან მამაპაპური ხვევნა-ბღლარძუნი ატეხეს, დღეს კი ვიღაცებს ეჩხუბნენ და ეზოში გაწევ-გამოწევა იყო.
ასეა, ვცდილობ, მოწყენილობაც არამოსაწყენ მრავალფეროვნებად ვაქციო, რომ როგორმე სწრაფად გავიდეს კორონასთვის გამოყოფილი დრო. ჯანმრთელობა თქვენ” - წერს ზურაბ ბალანჩივაძე