აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ტერტერის რაიონის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. როგორც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის რაიონს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს სხვადასხვა მიმართულებიდან.
ოფიციალური ბაქოს ცნობით, იერიშის შედეგად გარდაცვლილია ერთი მშვიდობიანი მცხოვრები, რომლის სახლის ეზოშიც ჭურვი ჩამოვარდა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთი განაგრძობს 10 ოქტომბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის უხეშად დარღვევას.
თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხეთი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შუშან სტეპანიანის განცხადებით, დილიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლი განაახლა. მისი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო.