logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით
- +

28 ოქტომბერი. 2020. 13:02

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები. ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს.

 

გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

 

გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

 

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. თუმცა, მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

 

ყოველგვარი ჩარჩოდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - „აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

 

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით.

 

კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. „აიპიემის“ წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა.

 

ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

 

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

 

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად. სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner