„ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რათა სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები, სხვანაირად ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც იმავეს აკეთებდნენ – მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა, თავი დააღწიონ „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ.
„ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში. მზად ვართ მშვიდი, საქმიანი პოლიტიკისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.