„დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი და ვაქცინის მარაგი მთელი კვირის განმავლობაში შეივსება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რესპირაციული ვირუსების სეზონი ნოემბერშია.
„დღემდე ამ სეზონზე ყველაზე ძლიერი ვირუსი გრიპი იყო, თუმცა, უკვე თითქმის ერთი წელიწადია, კაცობრიობას ახალი კორონავირუსი აწუხებს, რომელიც, უფრო დიდ ავადობასა და სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე აქამდე ცნობილი კორონავირუსები“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
მისი განმარტებით, გრიპის სეზონი ძირითადად ნოემბრის მეორე ნახევრიდან დგება, ჯერ ეს ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ გრიპის ვირუსი მალე გამოჩნდება და თანდათანობით გვექნება მისი და ახალი კორონავირუსული ინფექციის ზედდება.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდისთვის მოსახლეობა დაცული იყოს გრიპის გამწვავებისგან.
„გრიპის ვაქცინა ვირუსისგან დაცვის მძლავრი საშუალებაა იმ საპრევენციო ღონისძიებებთან ერთად, რომელიც კორონავირუსის პირობებშია რეკომენდებული. თუმცა, კორონავირუსისგან განსხვავებით, გვაქვს გრიპისგან დამცავი ვაქცინა და მისი სამკურნალო წამალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ. ჩვენთან წელს სახელმწიფომ 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე შარშან და უკვე ორ კვირაზე მეტია, აცრები უკეთდება მაღალ რისკჯგუფებს. სამწუხაროდ, მიმართვიანობა არცთუ მაღალია. პირველი 25 ათასი დოზა ვაქცინა ორი კვირის წინ განაწილდა პოლიკლინიკებში და დღევანდელი რიცხვით, მხოლოდ 14 ათასი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან მცირეა.
გრიპის ვაქცინა ძირითადად მაღალი რისკჯგუფებისთვისაა განსაზღვრული – ესენია ორსულები, ბაღების აღმზრდელები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები და მათი მომვლელები, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, რომელთაც აქვთ გულის, ფილტვის და სხვა ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ასევე სამედიცინო პერსონალი. არის რისკჯუფების დიდი ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ ეკუთვნის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 25 ათასის შემდეგ ქვეყანაში გასულ კვირას შემოვიდა 77 ათასი დოზა, რომელიც განაწილებულია და არის ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ამცრელი კაბინეტები ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით. 110 ათასი დოზა შემოვიდა გუშინ ღამე და კიდევ 23 ათასი დოზა შემოვა ნოემბრის შუა რიცხვებში. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აქტიურობა, სახელმწიფო კიდევ იზრუნებს, რომ თუ საჭიროება დადგა, დამატებითი დოზები იქნას შესყიდული. უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას, გაამახვილოს ყურადღება ამ საკითხზე და მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს. განსაკუთრებით ვთხოვ ორსულ ქალბატონებს, რადგან გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კულტურა ორსულებში გავზარდოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ვაქცინაციის კაბინეტებია, უნდა იყოს გრიპის ვაქცინა.
ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს მიმართავს თხოვნით, ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით 20 რიცხვამდე აიცრან, რადგან ვაქცინაციის მომენტიდან იმუნიტეტის გამომუშავებას 10-14 დღე სჭირდება, ვირუსი კი ცირკულირებას ნოემბრის მეორე ნახევარში, ნოემბრის ბოლოს დაიწყებს და მისი პიკი დეკემბერში იქნება. გამყრელიძის თქმით, აუცილებელია, ამ პერიოდისთვის რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები აცრილი იყვნენ.