სასამართლო პროცესი, რომელიც გერმანული მედიის ყურადღების ცენტრშია
ცოტა ხნის წინ, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩენის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. განსასჯელთა სკამზე რუსეთის მოქალაქეა, რომლის ნამდვილ ვინაობას და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირს, კრემლი ყველა ხერხით მალავს და ნიღბავს. რუსთის ფედერაციის მესვეურები მთელ მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ ხანგოშვილის თუ სხვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ. თუმცა, როგორც ევროპული მედია, ისევე სახელმწიფო სტრუქტურები, სულ უფრო მარტივად გადიან კრემლის მითითებით ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალზე.
გერმანელი ჟურნალისტები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და ეჭვი უკვე აღარ ეპარებათ იმაში, რომ მისი შედეგი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. „პუტინმა თავისი თავი ჩაიმარხა“-სტატია ასეთი სათაურით ყოველდღიურმა გაზეთმა „Süddeutsche Zeitung“ გამოაქვეყნა. ავტორების აზრით, თუკი იქნება წარმოდგენილი საბოლოო უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება შემხებლობაშია ბერლინში მომხდარ დანაშაულთან, ეს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობას დაანგრევს. ფაქტობრივად მოხდება იგივე, რაც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, სერგეი სკრიპალზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, 2018 წლის მარტში მოხდა. გავიხსენოთ, რომ მაშინ, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მრავალმა სახელმწიფომ თავისი ტერიტორიიდან რუსი დიპლომატები კოლექტიურად გააძევა. თუმცა, დღეს უკვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - იყო კი ეს რეაქცია საკმარისი? ის, რომ კრემლი სასტიკი დანაშაულების ჩადენას და შემდეგ უტიფრად თავის მართლებას აგრძელებს, გვიჩვენებს, რომ არა, ეს საერთაშორისო რეაქცია საკმარისი არ ყოფილა. ამ მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ ხანგოშვილის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ, მეტი ქმედითი ნაბიჯები გადადგმაა აუცილებელი.
იმისათვის, რომ გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ირგვლივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ „Bild“-მაც გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ვიდეო სერიების სახით. მასში დაწვრილებით არის საუბარი იმაზე, თუ რა მოლოდინებია ამ საქმეზე, რა მტკიცებულებები არსებობს და რა იყო მოტივი. ამ და სხვა ჟურნალისტურ გამოძიებებში, ვრცლად არის უკვე გაშიფრული ის დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები დიდი ხანია მიმართავენ, როგორ გადაადგილდებიან გაყალბებული პასპორტებით, როგორ ცდილობენ, მოატყუონ ევროპელები და სხვა. სკრიპალის მკვლელობის მცდელობასა და ხანგოშვილის მკვლელობას შორის ბევრი საერთო დეტალია. ორივე შემთხვევაში დამნაშავეები იმ ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც რუსეთის შსს-ს იმ დანაყოფის მიერ იყო გაცემული, რომელიც რუსული დაზვერვისთვის ამზადებს დოკუმენტებს. ამას გარდა, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის „სოკოლოვის“ პასპორტს არ გააჩნდა ბიომეტრიული მონაცემები, ხოლო ვიზაში მითითებული იყო საცხოვრებელი მისამართი, რომელიც უბრალოდ არც არსებობს.
ევროპაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა მხოლოდ ერთ-ერთია რუსული ძალადობრივი მოქმედებების სერიიდან, რაც ევროპის ტერიტორიაზე მყოფი, კრემლის მტრების მოშორებისკენაა მიმართულია.
უკვე შემდგარი ფაქტია, რომ კრემლისგან მომდინარე საფრთხე ელის ყველას, ვინც მის პოლიტიკას, ინტერესებს ეწინააღმდეგება, აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას ან მმართველობის სტილს. წლებია, კრემლის სპეცსამსახურები სწორედ ასეთი ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან იმ ადამიანებს, ვინც მათთვის არასასურველი ხდება და ამის მაგალითი არაერთია. ამ ძალადობრივ სქემაში ცალკე თავისი ნიშა აქვს მიჩენილი ჩეჩნეთის ლიდერს, რომელიც პუტინის გულის მოსაგებად თუ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არაფერს თაკილობს. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმას ეხება, ბრალდებულმა, ისევ რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა განაცხადა, რომ ეს დანაშაული „გროზნოს ხალხის“ დავალებით ჩაიდინა. ამის შესახებ შვედური მედია იუწყება. ბრალდებული ახლა შვედეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რადგან დავალება არ შეასრულა და შესაბამისად თავადაც სამიზნე გახდა. ამას გარდა, 10 სექტემბერს, ფინეთში ოპოზიციონერ ბლოგერზე, მუსა ლომაევზე თავდამსხმელი დააკავეს. ლომაევი წლებია ფინეთში ცხოვრობს და YouTube-არხის მეშვეობით ჩეჩნეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ამა წლის ივლისში კი კიდევ ერთი YouTube-ბლოგერი მამიხან უმაროვი, იგივე „ანზორი ვენიდან“ მოკლეს. ისიც კადიროვის კრიტიკით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ მის მკვლელობაში ბრალდებულები ჩეჩნეთიდან არიან. 2020 წლის იანვარში, ქალაქ ლილში მოკლეს 44 წლის იმრან ალიევი, იგივე „მანსურ ძველი“. მისმა მკვლელმა გაქცევა მოახერხა და არსებული ცნობებით ჩეჩნეთში დაბრუნდა.
როგორც ჩანს, პუტინს და მის გარემოცვას ოპონენტების მოშორების ორი საყვარელი ხერხი აქვთ - როგორც იარაღით ლიკვიდაცია, ასევე მომწამვლელი ნივთიერებებით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. სხვათა შორის, მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება ლენინსაც უყვარდა, თუმცა, ისიც და მისი ბოლშევიკი თანამზრახველები აქტიურად იყენებდნენ ტერორისტულ მოწყობილობებს, ხშირად აფეთქებდნენ ან ხვრეტდნენ ქუჩებში არასასურველ ადამიანებს. თუ გავიხსენებთ ბორის ნემცოვის დღემდე გამოუძიებელ და ანნა პოლიტკოვსკაიას ვითომ გამოძიებულ მკვლელობებს, ცხადია, რომ კრემლის „ქილერები“ ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების „ძველმოდურ“ ხერხებსაც აქტიურად მიმართავენ.
საბოლოოდ კი უკვე აშკარა ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება იმდენად სასტიკად და მიუღებლად იქცევა, რომ მისი შედარება ჩრდილოეთ კორეის მმართველებთანაც კი შეიძლება. ადამიანების სიცოცხლის არაფრად ჩაგდება, ოპონენტების მოშორება და კიდევ ბევრი დანარჩენი, ერთნაირად აქვთ შესისხლხორცებული. თანაც, სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებული ისე აქვთ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მანქანა, რომ მსხვერპლებს აქეთ ხდიან დამნაშავეებად. ამ შემთხვევაშიც, რუსული საერთაშორისო პროპაგანდისტული არხი „РТ“ არაერთხელ იყო გამოჭერილი მიზანმიმართული სიცრუის და პროპაგანდის ტირაჟირებაში. ახლა „РТ“ ზელიმხან ხანგოშვილის თემაზე უბრალოდ დუმს და ცდილობს, უხერხულ თემას მაქსიმალურად აუაროს გვერდი.
და დღეს, როცა უკვე მკაფიო ხდება, რომ კრემლი ოპოზიციონერების ლიკვიდაციას აგრძელებს, არასასურველ ადამიანებს ისევ კლავს და იშორებს, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოჩინოს ამ სახელმწიფოებრივ ძალადობასთან ბრძოლაში. და ამ მხრივ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე ერთგვარი ლაკმუსი ქაღალდი იქნება.
ირინა ტორონჯაძე