„მძღოლი გააკონტროლებს, რომ თუ ტრანსპორტში ყველა ადგილი შეზღუდულია, დამატებითი ადამიანების ამოყვანა ამ გაჩერებაზე არ მოხდება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის შესამცირებლად მუნიციპალიტეტებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ შემოტანილი იქნას გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები ადამიანის გადაადგილებაზე
ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში ხანადახან გვხვდება ვითარება, როდესაც ფეხზეც დგას ადამიანი. შესაბამისად, შეიძლება, არ დავუშვათ ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება, რაც ავტომატურად შეზღუდავს ტრანსპორტში მყოფი პირების რაოდენობას და ბუნებრივია, დალოდების პერიოდი იქნება ღია სივრცეში, სადაც ნაკლებად სახიფათოა ერთდროულად ბევრი ადამიანის შეგროვება.
მძღოლი გააკონტროლებს იმას, რომ თუ ყველა ადგილი შეზღუდულია, დამატებითი ადამიანების ამოყვანა ამ გაჩერებაზე არ მოხდება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკომფორტს და გაზრდის ლოდინის დროს, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ უკვე ზამთარია, ფანჯრებიც არ არის ღია, შესაბამისად, ყველაფერი გადადის დახურულ სივრცეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.