„აუდიოჩანაწერებში გამოთქმულ აზრებს ჩვენ ამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგანაც ყოველდღიურად ვისმენთ პირდაპირ ეთერებში თუ აქციებზე. ეს ადამიანები არც მალავენ, რომ მათი ქმედებები მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის შექმნისკენ“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ამ აუდიოჩანაწერებში გამოთქმულ აზრებს ჩვენ ამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგანაც ყოველდღიურად ვისმენთ პირდაპირ ეთერებში თუ აქციებზე. ეს ადამიანები არც მალავენ, რომ მათი ქმედებები მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის შექმნისკენ. მაგალითად, აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაზაფხულამდე უნდა შეიქმნას და გაღრმავდეს კრიზისი, რაც ხელისუფლების დამხობას გამოიწვევს. გარდა ამისა, ვხედავთ, რა პროცესები ვითარდება ქუჩაში. ეს ყველაფერი გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ოპოზიციის წარმომადგენლები არ ერიდებიან დესტრუქციულ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, მაშინ როდესაც არაა ამოწურული კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები. ესაა სტილი, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიცია წლების განმავლობაში მიმართავს და ეს აუდიოჩანაწერები ამის მორიგი დასტურია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას.