logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: არსებობს საფუძველი, რომ საქართველომ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალი ეტაპი დაიწყოს
- +

7 ნოემბერი. 2020. 17:32

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო და მიღებული შედეგი იძლევა დამაჯერებელი ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

 

2020 წლის 30 ოქტომბერს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. საქართველომ ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობის რეფორმირებისა და აღსრულების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 

საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ–ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ.

 

აშშ-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკასთან ვაჭრობის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უწყობს ხელს. საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მიესალმება შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და მიღწეულ წარმატებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ახალი ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების პროცესში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner