„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ბექა დავითულიანი, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს.
„გვაქვს ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და დადასტურება, რომ იმ ღამეს, როდესაც მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა, ბატონ თედოსთან მისული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და სთხოვდნენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებას. იმ შემთხვევაში, თუ ის არ დათანხმდებოდა, მას და მის ოჯახს რეპრესიებით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ.
„პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ოჯახს. არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამეტებად. არ მინდა ვინმეს წინასწარ რამეში ბრალი დავდო, თუმცა, ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა და იმედი მაქვს, ყველა უფრო მეტი თანაგრძნობით და პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ქმედებებს, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში.
გვაქვს ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და დადასტურება, რომ იმ ღამეს, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა ბატონი თედო, მასთან იყვნენ მისული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და სთხოვდნენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებას და ასევე ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს რეპრესიებით, თუ ის არ დათანხმდებოდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.