საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.
„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის შეცვლილ განრიგსაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.