პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ აქვს ადეკვატური აღქმა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მისი თქმით, მმართველი ძალა ნებისმიერ დროს მზადაა დიალოგისთვის, თუმცა, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, დიალოგს თან არ უნდა ახლეს ულტიმატუმები.
„ჩვენ, თავისთავად ცხადია, ნებისმიერ დროს მზად ვართ დიალოგისთვის. მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან და შემოგვთავაზეს კიდეც, რომ ასეთი დიალოგი შედგეს, მაგრამ დიალოგის ფორმატში არ უნდა იყოს ულტიმატუმით საუბარი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი. ის, რომ წააგეს, არის ფაქტი, ის, რომ წააგებდნენ, ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომ ყველაზე მთავარი არის პატივი სცე ამომრჩეველს, საკუთარსაც და შენი მოწინააღმდეგესაც და შესაბამისად, პირველ რიგში, იფიქრო ქვეყნის მომავალზე. ასეთი დიალოგისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ არა იმ დიალოგისთვის, რომ ხალხის, როგორც უზენაესის, გადაწყვეტილება რაიმე ფორმით შეიცვალოს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.