logo_geo
eng_logo
„საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია, ერთადერთი შეკითხვაა, ეს როდის მოხდება“
- +

1 ივლისი. 2016. 11:05


თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი შეკითხვაა, როდის?



შტაინმაიერის ვარაუდით, პროცესი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგითაა განსაზღვრული, „უახლოესი კვირების" განმავლობაში დასრულდება.



რა თქმა უნდა, ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ. მინდა, ცალსახად გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ და ხანგრძლივ პროცესში საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისში, საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა ვიზა-ლიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი საკითხია - როდის?

ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა მექანიზმი ამოქმედდეს ქმედითად - იყოს შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მე ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება ეს პროცესი. ყოველ შემთხვევაში, საკონსულტაციო პროცედურა გრძელდება", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.



ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.



ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.



საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner