„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, დღეს რასაც ვხედავთ ოპოზიციურ სპექტრში, არის დიდი დაბნეულობა“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.
„მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე შეიტყო, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებამდე 10 წუთით ადრე იგივე ტექსტი ნიკა გვარამიას „ფეისბუქზე“ გამოჩნდა.
„აქ რა ხდება, არ ვიცი, ისინი ალბათ ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას საუბრობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით პრობლემები არავის უნდა ჰქონდეს. ისინი თუ ვერ არკვევენ რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, გააგრძელონ დესტრუქცია თუ კონსტრუქციულები გახდნენ, მოდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო რეაქციაც იქნება ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.
დღეს სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.
მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.
თავად გრიგოლ ვაშაძე მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.