სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის „სამხრეთ ოსეთის" გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას.
მისი ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.
„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ.
სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.
დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია", - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.