„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები, რის საფუძველზე საქართველო დამატებით 112.1 მლნ-ს მიიღებს. აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დროული (რაც ახალ გამოწვევებზე მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებას ნიშნავს) მოქმედებით შეძლო პანდემიის შემოტევის ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური გავლენების შეკავება“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გადაწყვეტილებას, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებას უკავშირდება.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური ღონისძიებები, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნება, არსებული რესურსების გათვალისწინებით პანდემიით გამოწვეული ზარალისაგან მოსახლეობის სოციალური დაცვის ქოლგის ფორმირება, გახდა ის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის გამოც საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც სავალუტო ფონდმა გაუწოდა დახმარების ხელი კრიზისის დაძლევისა და შემდგომი განვითარებისათვის.
სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, დამაიმედებელი ინფორმაცია ეფექტიანი ვაქცინის შექმნისა და რეგიონში დაძაბულობის ფონის შემცირებაზე, იძლევა საფუძველს 2021 წლისთვის 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ უფრო მეტად გაზრდისა და საშუალოვადიან პერიოდში 5.3-პროცენტიან ნიშნულზე გასავლელად, რაც ფონდის შეფასებით, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
„კრიზისის დაძლევისა და ქვეყნის პოსტკრიზისული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმების თანმიმდევრულ და პერმანენტულ ხასიათს, თანაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, რასაც სსფ მიესალმება და დადებითად აფასებს. პანდემიით გამოწვეული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობის და მთლიანად, ეკონომიკური აქტივობის შემცირების მასშტაბები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ეკონომიკის ვარდნის მასშტაბებს, რაშიც განმსაზღვრელი როლი ხელისუფლების მიერ გატარებულმა სოციალურმა პოლიტიკამ, მათ შორის სახელფასო სუბსიდიებმა და ბიზნესისთვის შემოღებულმა დროებითმა საგადასახადო შეღავათებმა შეასრულეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსათვის ფინანსური მხარდაჭერისათვის გამოყოფილი ზემოხსენებული 112.1 მლნ. დოლარი შეიძლება მიჩნეულ იქნას არა მარტო ხელისუფლების მიერ გატარებულ თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკური პოლიტიკის დადებით შეფასებად, არამედ როგორც ამ უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ მონეტარული ფორმით განხორციელებულ ინსტიტუციონიზებულ ბონუსად“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.