ავტორი ნინო ლაბარტყავა
არჩევნების გაყალბების საბაბით ქუჩაში გასული რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს, თუმცა, ამ მზაობის დაფარვას ბოლო დღეების განმავლობაში ოსტატურად ცდილობდნენ - აქაოდა, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გვეუბნება, არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ხმები დაიცავითო - იმედი არ გავუცრუოთო... სინამდვილეში კი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საპარლამენტო მანდატის დათმობა მათთვის წარმოუდგენელია - ამდენი წელია, ხელისუფლებაში დაბრუნებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ და ახლა, როდესაც აქვთ შანსი, პარლამენტში იმაზე მეტად იყვნენ წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე იყვნენ - რომელი ნაცლიდერი გაუშვებს ამ შანსს ხელიდან? მეორე ტურამდე ნელ-ნელა „კარტები იხსნება“, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და საინტერესოა, რა მოცემულობას მივიღებთ...
თემასთან სასაუბროდ „რეპორტიორი“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:
- მოდით, არჩევნების წინა და თავად არჩევნების პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
- მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურ პროცესებს აღარ აქვს ადგილი, ეს უკვე ძალიან მძიმე მორალური პროცესებია, რადგან ასეთ სიცრუეში გახვეული ქართული პოლიტიკურ-ოპოზიციური კლასი ძალიან მძიმე საყურებელია. ამ სიმახინჯეს აბსოლუტურად ამორალური ადამიანი უდგას სათავეში სააკაშვილის სახით და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბევრი ადამიანი, ვისთანაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა მქონდა - ზოგთან ვმეგობრობდი, ზოგს თანამებრძოლად ვთვლიდი - ამ გადაგვარებული არსების ფეხქვეშ არიან მოქცეულნი და ღმერთმა იცის, რა სიგიჟეს სჩადიან. თან ჰგონიათ, რომ გარშემო ბნელა და ქართველი საზოგადოება ან დაჩლუნგდა, ან დაბრმავდა, ან დაყრუვდა.
ის, რაც ახლა ხდება, ეს უკვე არაფერში აღარ ჯდება - მაგალითად, გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ნოემბერს - ნ.ლ.) და დღეს დილას, გრიგოლ ვაშაძის განცხადების მერე, ყველანი, ერთხმად, ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე და ქვეყნის მართვაზე, პათოლოგიურად იტყუებოდნენ, რომ არანაირ მოლაპარაკებაზე თუ შეხვედრაზე ლაპარაკი არ არის, არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, რომ არაფერი არ იციან ამის შესახებ... ახლა კი, ამ წუთებში, ყველანი, ურცხვად სხედან ამერიკის ელჩთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავენ!!! აი, რა უნდა დავარქვათ ამას?! ანდა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პოლიტიკასთან?! ეს არის სრული დეგრადაცია, რაც ძალიან სამწუხაროა ამ ქვეყნისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები, სხვადასხვა სახელები რომ დაირქვეს და მუდმივად იტყუებიან, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის, ან ნათელაშვილები და ელისაშვილები, მაგრამ ეს რაღაც ახალი, თითქოსდა, იმედისმომცემი ჯგუფები? ახალგაზრდები არიან იქ თავმოყრილი და ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი - თვითონ ხომ მთლიანად გაიხრწნენ და სინდისის ნატამალი არ დარჩათ, ახლა ამ ახალგაზრდებს ხრწნიან. კი მაგრამ, ასე პათოლოგიურად რომ იტყუები, სახლში ხომ მიხვალ, შვილი ხომ გკითხავს როდისმე - მამი (თუ დედი), რატომ იტყუებოდი ასე სახალხოდ? რატომ გაიფუჭე ასე სახელიო? ტრაგედიაა ეს ყველაფერი...
- ნამდვილად ტრაგედიაა, როდესაც მთელი ეს ბოლო პერიოდი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავდა მოლაპარაკებებს, ხელისუფლებასთან ერთ მაგიდასთან სასაუბროდ დაჯდომას და ახლა, ლამის, ერთმანეთს შეასწრონ ამ მოლაპარაკებებზე... ამასთან, საოცარი ტონი აქვს შენარჩუნებული მათ ნაწილს - თან მოლაპარაკებები უნდათ, თან ისევ ქუჩის აქციებს აანონსებენ... ეს საერთოდ რამე ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში ჯდება?
- ეს არაფერში არ ჯდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკა - პოლიტიკას გარკვეული წესები აქვს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდით (და 20-21 ივნისსაც იგივე ხდებოდა), ტელეეკრანის ერთ მხარეს, როგორ უტევენ პოლიციელებს, როგორ ესვრიან მათ ქვებს, ურტყამენ რკინის ხელკეტებს, ანგრევენ ღობეებს, აფურთხებენ, აგინებენ და ეკრანის მეორე მხარეს „ოპოზიციონერი პოლიტიკოსები“ აღშფოთებით გვამცნობდნენ, რომ პოლიცია მშვიდობიან მიტინგს არბევდა... მთელი მსოფლიო უყურებდა, რაც საქართველოში, ცესკო-სთან ხდებოდა (ანდა 20-21 ივნისს პარლამენტთან). ამ დროს იმის განცხადება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია - არის უტიფარი ტყუილი, ლომჯარიას და გიგაურის ტიპის „უფლებადამცველებისთვის“ დამახასიათებელი!