ავტორი ნინო ლაბარტყავა
ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ სასაუბროდ, „რეპორტიორი“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუდან კონკრეტულ ამონარიდს, სადაც გოგა ხაინდრავა მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ საუბრობს:
- აუცილებლად მინდა შევეხო საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ამ ვიზიტის მიზანი? აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების, გლობალური პანდემიის პირობებში, ასეთი დონის მაღალჩინოსნის საქართველოში ჩამოსვლის უკან რა დგას? რა მესიჯით ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩვენთან?
- პირველი, რითიც მინდა დავიწყო და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა - კიდევ ერთი უსინდისო და მავნე ტყუილი - ვაშაძე „ბილდერის“ და სალომე სამადაშვილის, საკუთარ პოლიტიკურ გუნდს რომ განაჩენი გამოუტანა ახლახან საჯაროდ, თითქოსდა სანქციები დაადეს ამერიკაში ხელისუფლებას და 135 მილიონიდან, რომელიც აშშ-მ საქართველოს უნდა გამოუყოს, 15 %-ს ყადაღა დაედოო... აბა, სად არის ეს სანქციები? არ არის!
ახლა რაც შეეხება პომპეოს ვიზიტს: დააკვირდით, რა ქვეყნებში მოდის ის - საფრანგეთი და თურქეთი, ეს არის პირდაპირი კავშირი იმასთან, რაც ყარაბაღში ხდება. თურქეთი ძალიან აქტიური მონაწილეა ამ პროცესის და არ მალავს თავის პოზიციას აზერბაიჯანთან მიმართ, მხარს უჭერს, ეხმარება. დღეს ძალიან სერიოზული პრეცედენტის მოწმენი ვხდებით, როდესაც სამხრეთ კავკასიაში თურქეთი, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილე, რუსეთთან ერთად შემოდის. სამხრეთ კავკასიაში რუსეთს პრეტენზია ჰქონდა, რომ არის მისი გავლენების სფერო. ახლა აღმოჩნდა, რომ თურქეთიც აქ არის, გათავისუფლებულ ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორია იყო საერთაშორისო სამართლით და აღდგა. ძალიან სერიოზული ამბავია, რაც მოხდა, რეგიონალური თვალსაზრისით, ამის კარგი გაანალიზება არის საჭირო. აშშ-სთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ პომპეო თურქეთში რატომ ჩადის, გასაგებია, თან თურქეთი NATO-ს წევრია, ამავდროულად გარკვეული გართულებები ჰქონდა როგორც ევროპასთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახლა საფრანგეთთან. საფრანგეთი კი ყარაბაღის მინსკის ჯგუფის წევრია, შეერთებულ შტატებთან ერთად. და როგორც ჩანს, იქაც ყარაბაღის ამბავია. დანარჩენი ქვეყნები, სადაც პომპეო მიემგზავრება, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი ვიზიტი არის ხაზგასმა იმ რეგიონებში წამყვან პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის. რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში აშშ-ის დასაყრდენი არის საქართველო. შავი ზღვა, რომლისადმი ინტერესი როგორც NATO-ში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გაზრდილია, რეგიონალური უსაფრთხოება და თანამშრომლობა არის ამ ვიზიტის თემა. საქართველოს, როგორც ამ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერის აღიარება და მხარდაჭერა.
- ცოტა ხნის წინ ბარამიძემ რომ თქვა - პომპეოს „ოცნების“ ხელისუფლება აშანტაჟებს თურმე და ამიტომ ჩამოდის საქართველოშიო...
- აი, როგორი აზრიანი უნდა იყო, ეს რომ თქვა? 25 წელია პოლიტიკანობს, წურბელასავით მიწებებული სახელმწიფო ბიუჯეტზე და თან სერიოზული სახით გაიძახის, რომ ქართული ხელისუფლება აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს... აი, ეს არის მისი და ზოგადად ნაცების პოლიტიკის და აზროვნების დონე. ადამიანობის და საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულება რაც არის, სვანეთში ვნახეთ, ეცერში ვერტფრენებით რომ კოშკები დაანგრიეს და თითქმის მთელი ოჯახი ამოწვეს იქ.
პომპეოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ხედავს მთელი მსოფლიო. ეს არის პირდაპირი გზავნილი ყველასთვის, რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ამ რეგიონში. თან გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში ახლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიებია, ხმების გადათვლა მიდის ჯერ კიდევ და ასეთ დროს, როგორც წესი, ვიზიტები არ ხდება, ამას განსაკუთრებული ურთიერთობები განაპირობებს. იმდენად მნიშვნელოვანი გახდა საქართველო აშშ-სთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა, რომ ასეთ პერიოდში იგეგმება ამ დონის ვიზიტი. ამავდროულად, ეს არის ვიზიტი, რომელიც რუსეთს პირდაპირ ეუბნება - იცოდეთ, ხელი არ წაგიცდეთ! ჩვენ ვიცით და ვხედავთ თქვენს მეხუთე კოლონას საქართველოში! ვხედავთ, რას ცდილობთ მათი ხელით და იცოდეთ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! გრიგოლ ვაშაძე რომ ჩეკისტია, ეს რომ მე ვიცი, როგორ ფიქრობთ, პომპეომ და აშშ-მ არ იცის? რა თქმა უნდა, იცის და ყველა იციან, ვინ ვინ არის, რა რუსული გავლენებია და საიდან - ესეც იციან; რა გზებით ცდილობენ რუსული გავლენების გატარებას საქართველოში და ვინ ცდილობს ამას - ესეც იციან. ეს ვითომ პროდასავლური ოპოზიციური ძალები და ვაი-ევროპელები კი მაიკ პომპეოს დესტაბილიზაციის კერით დახვედრას ცდილობენ, რა კერა არიან, ჩანს, ბოლი ასდით მხოლოდ. მაგათი ტომის ბელადი სააკაშვილი მოძღვრავს - იცოდეთ, რაც უფრო ცუდია, მით უფრო კარგია! რომ ამოწყდეს მთელი საქართველო კორონავირუსით, აი, მაშინ გაიხარებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის გული! მთავარია ძალაუფლება, თუნდაც უდაბნოში!