„ოპოზიციაში დღეს სერიოზული რყევებია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხშირად ფლობს ინფორმაციას ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, სწორედ მათი ოფისებიდან გამოდის.
„ოპოზიცია არის დღეს მთლიანად მოშლილი, უკვე იყო ამის ნიშნები არჩევნებამდე, ანუ მათ ოფისებში, პარტიულ სტრუქტურებში იყო გარკვეული რყევები და ეს, მით უმეტეს, გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ორი წარუმატებელი აქცია. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმაზე, რომ ხალხს უნდა გააპროტესტებინო არჩევნების გაყალბება და ერთ შემთხვევაში 7 000 და, მეორე შემთხვევაში, დაახლოებით, 3 000 კაცი გამოგყავს, ეს, ბუნებრივია, იწვევს რყევებს პარტიის შიგნით და ასეთ დროს უფრო მარტივად ჟონავს პარტიებიდან ინფორმაციები“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებს.
„მოლაპარაკებები გრძელდება. თუ გვექნება წარმატება ამ კვირაში, ისინი, ალბათ, მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში; თუ ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს უკვე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი თემა“, - აღნიშნა კობახიძემ.