„ბატონი პომპეო ოპოზიციაზე გაცილებით მეტადაა ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და არაფერს ახალს არ გაიგებს ოპოზიციასთან შეხვედრით, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იმდენად მაღლა დგას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დადგეს ქუჩაში და გარკვეული საკითხი, რომელიც მისთვის მიუღებელია, გააპროტესტოს. მით უმეტეს, ამერიკისთვის არ არის ეს უცხო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ ტვ „იმედის“" ეთერში.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში ისტორიული დღეა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კუთხით. მთიან ყარაბაღში განთავსებული ე. წ. სამშვიდონო ძალები საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, ამიტომ ის დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს, ჩვენ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა საჭიროებს, საქვეყნოდ კიდევ ერთხელ დადასტურდეს. ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის მხრიდან საქართველოს გვერდით დგომის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მხოლოდ 7 სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას სტუმრობს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს, რომ არათუ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს, არამედ ძალიან დიდი გეგმები არსებობს“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.