“ნურავის ექნება ცრუ წარმოდგენა, რომ ბაიდენი სააკაშვილისა და ნაცების მეგობარია! არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ ობამას პრეზიდენტობისა და ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს დაუსვა წერტილი საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბოგინს“, - ამის შესახებ ამერიკის პოლიტიკური სისტემის მკვლევარმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„დიახ, სწორედ ობამამ და ბაიდენმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი იმაში, რომ 2012 წელს სააკაშვილმა ძალაუფლების მიტაცება ვეღარ გაბედა და იძულებული გახდა არჩევნებში დამარცხება ეღიარებინა. 8 წლის წინათ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს ასრულებდა. ისიც გავიხსენოთ, რომ ობამა სააკაშვილს ცოცხალი თავით არ ხვდებოდა და მათხოვარი მიშა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამერიკის პრეზიდენტს კიბის ქვეშ „უბირჟავებდა“, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია და ეს მომენტი ფოტოზე დაეფიქსირებინა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა.
სააკაშვილი ჩვეულებრივი ყვარყვარეა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთანაც ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მის ინაუგურაციაზე არც კი შეუშვეს და ცერემონიალს ბუჩქებიდან უყურებდა, ახლა კი ბაიდენთან შეძრომასაც ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ჩამოწერილი პოლიტიკური მასხარაა. ხომ მოისმინეთ, რას ამბობს ფარულ ჩანაწერში ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი – სააკაშვილი დასავლეთს დესტაბილიზაციის ფაქტორად მიაჩნია და მისთვის დიდი წითელი ხაზი აქვს გადასმულიო! ახლა მთავარია ბაიდენთან საერთო ენის გამონახვას საქართველოდან ვინ უფრო მალე და უკეთესად მოახერხებს – ბიძინა ივანიშვილი თუ გიგა ბოკერია? თუ ივანიშვილი მისთვის დამახასიათებელ პასიურობას გამოიჩენს და საიდუმლო ორდენის მეთაურივით ჩაიკეტება, ბოკერია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას დაალაგებს და მისი პარტია ბაიდენისა და დემოკრატების მთავარი მოკავშირე გახდება!“, - განაცხადა მაისაიამ.