„მგონია, რუსეთს აქვს გეგმები. რადგან ყარაბაღში უკვე ფეხი შედგა, დარჩა საქართველოში უფრო მყარი პოზიციების მოპოვება. ამისთვის რუსეთი აფხაზეთის რკინიგზას გამოიყენებს და ამით შეეცდება, ის რუსებმა გააკონტროლონ“,- ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მისი ვარაუდით, რუსეთი ცდილობს, რეგიონში არსებული დერეფნები გააკონტოლოს. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოსთან შეეცდება ამ თემაზე უახლოეს მომავალში კონსულტაციები გამართოს.
„მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ორივე გზას, რომელიც იხსნება და შენარჩუნდება -ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და ყარაბაღს შორის და მეორე სომხეთზე გამავალი აზერბაიჯან-ნახჭევანის გზა და იქ რკინიგზა არის აშენებული, რომელიც ნახჭევანამდე ჩადის და იქიდან თურქეთს უნდა შეუერთდეს. ორივეს გააკონტროლებს მოსკოვი და რუსი სამშვიდობოები. ეს მათ ჰგონიათ, რომ არის სამუდამო. ახლა ფიქრობენ ალბათ, რომ თუ აფხაზეთის რკინიგზასაც გავიყვანთ და რამენაირად ამაზე კონტროლსაც ჩვენ ავიღებთ, მაშინ პრაქტიკულად ყველა კომუნიკაციები რეგიონში იქნება მოსკოვის კონტროლს ქვეშ და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შესაძლოა, საუბრობენ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციზე, მაგრამ თავისთავად საქართველოს გარეშე როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლება? მიუხედავად ამისა, უკვე კონსულტაციების მოსინჯვა ნიშნავს, რომ ალბათ საქართველოსთანაც შეეცდება პუტინის მთავრობა, რომ ამ საკითხზე უახლოეს მომავალში კონსულტაციები გამართოს, მაგრამ ჩვენთვის გასაგებია, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია“,- აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. როგორც მკვლევარმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის იქნება მზად, სარკინიგზო გზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
„როდესაც ოკუპირებულია ტერიტორია, ჩვენი მხრიდან კომპრომისებზე წასვლა, რომ ვითომ არაფერი არ მოხდა, შეცდომა იქნება. ეს უბრალოდ რუსების პოზიციებს გაამყარებს და ჩვენ, არა მგონია, რამე კარგი მოგვიტანოს.
ეს ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. შეიძლებოდა განხილულიყო საკითხი, რომ რაღაც გარკვეული პირობებით გავახსნევინოთ ჩვენთვის, მაგრამ შეიძლება თუ არა ენდო ისეთ მეზობელს, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია რაიმე სახით პროვოკაციები ყოველთვის მოგვიწყოს. რუსეთი ყოველთვის იქნება მზად, რომ სარკინიგზო გზა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ოფიციალური მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ. მათი შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს შედგა.