კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი 31 იანვარს დაგეგმილ აქციაზე საუბრობს და საზოგადოებას აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულზე მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა დაინახონ, რომ საზოგადოება ხელისუფლების გვერდით დგას და მათი სურვილი ერთმანეთს ემთხვევა. ეს სურვილი კი არის ის, რომ „გაიწმინდოს სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის დროინდელი თანამშრომლებისგან".
„ხელისუფლებამ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეში თავი ვერ გამოიჩინა. მე მოვუწოდებ ყველას - 31 იანვარს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, იმისათვის, რომ გამოვიდეთ და დავანახოთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ვდგავართ ხელისუფლების გვერდით. და დავანახოთ, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ნება არის ერთიანი. ეს ნება კი არის ის, რომ გაიწმინდოს სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის დროინდელი სისხლისმსმელი თანამშრომლებისაგან. უნდა გამოცხადდეს სპეციალური მანიფესტი, რომელსაც ექნება ერთგვარი ულტიმატუმის ფორმა. ყველა სისტემაში უნდა გაირკვეს იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც მიუღია მონაწილეობა საქმეების ფალსიფიცირებაში, გაყალბებაში, მტკიცებულებათა გაქრობაში, და სათანადო რეაგირება მოჰყვეს", - განაცხადა მოლაშვილმა.
სულხან მოლაშვილის თქმით, „ახლა არის მომენტი, ერთგვარი მიჯნა, თუ როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება ამ და სხვა მსგავსი გახმაურებული საქმეების გახსნას". მისივე თქმით, თუ ხელისუფლება თავს ვერ გაართმევს აღნიშნულს, ეს საზოგადოებისთვის იქნება საშიშროება იმისა, რომ ტერაქტები კვლავ განმეორდეს.
„იური ვაზაგაშვილის აფეთქება გახლავთ მომასწავებელი ფაქტი იმისა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას. ახლა არის მომენტი, ერთგვარი მიჯნა, თუ როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება ამ და სხვა მსგავსი გახმაურებული საქმეების გახსნას. ამის კვალობაზე მოხდება დღევანდელი ხელისუფლების შეფასება. ეს შეფასება აქტუალობას არ დაკარგავს დიდი ხნის მანძილზე. ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებში შედის ეს ყველაფერი. მაგალითად, „კორტების საქმეზე" თუკი ხელისუფლება შემოიფარგლა მხოლოდ ერთი ან ორი მეისრე პოლიციელის დაჭერითა და მათზე გადაბრალებით ამ საშინელი სპეცოპერაციისა, ეს იქნება სირცხვილი. ასევე ეს იქნება ჩვენთვის საშიშროება, რომ ხვალ საქართველოში შესაძლოა, განმეორდეს ანალოგიური სპეცოპერაციები.
თავიდანვე უნდა მომხდარიყო სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, როგორც კრიმინალური რეჟიმისა. თუმცა, ახლაც არ არის გვიან. სამართლიანობის აღდგენა, სურვილის შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს პროცესი უნდა დაიწყოს სამართალდამცავი ორგანოების გაწმენდით", - აღნიშნა მოლაშვილმა.