„თუ ოპოზიციას რეალურად სურს შეთანხმება, მაშინ ხელების გადაგრეხვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და არჩევნების მეორე ტურში არსებული ვითარება შეაფასა.
„ეს არის სამწუხარო რეალობა. ოპოზიციის მიერ მეორე ტურში აქტივის ფარულად მობილიზება მოსალოდნელი იყო. ჩემთვის უცნობია, ყველა საარჩევნო ოლქში ხდება ეს თუ იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების იმედი აქვთ იმ პირობებში თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დაბალი“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ოლქში, შესაძლოა 2-3 მანდატი ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიპოვოს.
მან ასევე ისაუბრა მოლაპარაკებათა მესამე რაუნდზე.
სალუქვაძემ გაიხსენა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მაღალი რანგის პირების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ, თუ ამის სურვილი ოპოზიციურ პარტიებში არსებობს.
„თუ ეს სურვილი არ არსებობს და წინასწარ დაწრილი სცენარია ერთი პირის, ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რომ შეთანხმება არ შედგეს, მაშინ ჩვენ ტყუილად ვსაუბრობთ. თუ ეს ასე არ არის და მათ რეალურად სურთ შეთანხმება, მაშინ ხელების გადაგრეხვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მესმის, როდესაც პირველ რაუნდზე მხარეებმა ერთმანეთ მოუსმინეს. მეორე რაუნდზე, მათ განაცხადეს, რომ იყო შეთავაზებები მომრიგებელი მხარის მხრიდან, რომ მომხდარიყო უბნების ბიულეტენების ხელახალი გადათვლა და ასევე, ვიდეოჩანაწერების ნახვა, ვხედავთ, რომ ისინი ამაზე არ თანხმდებიან. მესამე რაუნდზე თუ იგივე მოთხოვნა იქნება, რაც წინა რაუნდზე, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ან იქნება მეოთხე რაუნდი. ან, პარტიები, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ პარლამენტში და ეს მათთვის საკმაოდ დიდი წარმატება არის, მიუხედავად მატი გულგატეხილობისა. გულგატეხილი მარტო ეს ახალი პარტიები არ არიან. გულგატეხილები სხვებიც არიან, იგივე „ქართული ოცნება“, მისი ამომრჩეველი არ ელოდა, ზოგიერთი პარტიის ასეთ მაღალ მაჩვენებელს, ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა სალუქვაძემ.