უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემაში „20/30" აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ სტამბოლში მომხდარ ტერაქტში ამ პიროვნების მონაწილეობა დადასტურდება, იგი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამ ფაქტის საქართველოსთან დაკავშირების მცდელობა სრული სიბრიყვე იქნება.
„დღეს პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა, არასწორი მესიჯები გაევრცელებინა, მოდიოდნენ შეკითხვებით და იმასაც კი მეუბნებოდნენ, თითქოს, ეს პიროვნება ამნისტიით გავათავისუფლეთ. მერე, დაჭრილი კომენტარებით ისე გამოვიდა, თითქოს, თავის მართლების რეჟიმში ვიყავით. ჩვენ კი, თავის გამართლება ნამდვილად არ გვჭირდება. აჰმედ ჩატაევი 2013 წელს სასამართლომ გაათავისუფლა და მაშინ სასამართლოს კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ვინმეს მაგივრად პასუხისმგებლობა რატომ უნდა ავიღოთ?! საერთოდ, მსგავსი უბედურების თანამონაწილე, როგორიც ტერორიზმია, შესაძლოა ნებისმიერი პოტენციური დამნაშავე გახდეს და ამის პრევენცია შეუძლებელია. თუ სტამბოლის ტერაქტში ამ პიროვნების მონაწილეობა დადასტურდება, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს, მაგრამ იმის მცდელობა, რომ ეს საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას რაღაცნაირად დაუკავშირონ, სიბრიყვე და უსინდისობაა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.