logo_geo
eng_logo
„მე მიცავს ჩემი პოლიცია!..“
- +

28 ნოემბერი. 2020. 21:53

 

 

„ჩვენ გვაქვს ყველა პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – იქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები საქართველოს მტერს“.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს სიტყვები იმ კაცს ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

 

სხვა რომ არაფერი ეთქვა მიხეილ სააკაშვილს, ამ სიტყვებიდანაც ნათელია, რას წარმოადგენს და ვინ არის იგი.

 

პოლიცია სახელმწიფოს ბურჯი და ფარია და ადამიანი, რომელიც პოლიციელის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს, ფაქტობრივად, სახელმწიფოს უცხადებს ომს.

 

ადამიანი, რომელიც ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვერ აცნობიერებს, პოლიტიკოსად და სახელმწიფო მოღვაწედ რომ არ ვარგა, ეს ცხადზე ცხადია, თუმცა, ამასთან ერთად, გასაკვირი და გასაოცარი ისიც არის, ჩვენ საზოგადოების ერთ ნაწილს ასეთი ავანტურისტი და პროვოკატორი რომ აურჩევია ლიდერად და წინამძღოლად.

 

მართალია, სააკაშვილი ხშირად გვარწმუნებს, რომ მან ააშენა ახალი ქართული სახელმწიფო, თუმცა, სინამდვილეში, რასაც ის აკეთებდა, სწორედ ქართული სახელმწიფოს და იმ სახელმწიფო სტრუქტურების ნგრევას და დისკრედიტაციას ემსახურებოდა, რაზეც დგას თავად სახელმწიფო.

 

სააკაშვილის მსახვრალი ხელი იმჟამინდელ პოლიციასაც შეეხო. მან სცადა, პოლიცია თავისი დანაშაულებრივი და კრიმინალური რეჟიმის მთავარ აქტორად, მთავარ საყრდენ ძალად ექცია, თუმცა ამ ბოროტი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.

 

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი ახალი ფრონტით იწყებს ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლას და ამ ბრძოლაში რთავს მის კონტროლს დაქვემდებარებულ საინფორმაციო საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ყოფილ ძალოვნებს, სოციოლოგებს, ექსპერტებს, ანალიტიკოსებს.

 

შავი პიარის ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ამ ფართომასშტაბიანი ბინძური კამპანიის შედეგად ცხრა წელია ვისმენთ „საგანგაშო“ განცხადებებს: „პოლიცია დემორალიზებულია“, „ქვეყანას კრიმინალები მართავენ“, „ძალოვანი სტრუქტურები ჩამოიშალა“, „ქართული სახელმწიფო არ არსებობს“ და ა.შ.

 

ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობა და დივერსია, თუმცა, სამწუხაროდ ,ამ დანაშაულებრივ ქმედებებს დღემდე ვერ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება და კლასიფიკაცია, რაც დაუსჯელობის ილუზიას უქმნის ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩაბმულ ადამიანთა საკმაოდ ფართო წრეს.

 

საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული შესანიშნავი პოლიცია, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, პირნათლად ასრულებს თვის მოვალეობას.

 

საქართველოს მოქალაქეები ენდობიან პოლიციას, უყვართ და პატივს სცემენ მას, რაც პირველ რიგში, პოლიციის დამსახურებაა.

 

საზოგადოებამ იცის, რომ პოლიციაზე შეტევა ეს საზოგადოებაზე შეტევაა, მის უსაფრთხოებაზე, მის უფლებებზე შეტევაა.

 

ამიტომაც გამოიწვია უკიდურესი აღშფოთება საზოგადოებაში პრეზიდენტყოფილის ამ უპასუხისმგებლო, თავისი არსით უაღრესად სახიფათო და ამავე დროს, ანტიადამიანურმა მოწოდებამ.

 

პოლიციელები უმძიმეს შრომას ეწევიან, რომ დაიცვან ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ჯანმრთელობა, შეგვიქმნიან ნორმალური ცხოვრების და საქმიანობის პირობები და ამის სანაცვლოდ, ჩვენ მათ სახლებში უნდა მივუვარდეთ? ცოლ-შვილი უნდა დავუფრთხოთ? მშობლები უნდა დავუწიოკოთ? დავამციროთ, დავაკნინოთ, ღირსება შევულახოთ?

 

ყველამ კარგად დაიმახსოვროს: ქართველი ხალხი არ დაუშვებს პოლიციის წინააღმდეგ გალაშქრების მცდელობას.

 

შორს თქვენი სისხლიანი ხელები პოლიციისგან!

 

„საერთო გაზეთი“

 

პ.ს. ამასწინათ „ინციდენტი“ შეგვემთხვა...

გაზეთზე მუშაობას გვიანობამდე ვერ მოვრჩით და რედაქცია რომ დავტოვეთ, კომენდანტის საათი კარგა ხნის დაწყებული იყო. პატრულმა გაგვაჩერა და საბუთები მოგვთხოვა.

 

აღმოჩნდა, რომ ჩვენი მძღოლის საშვი მონაცემთა ბაზაში არ იძებნებოდა.

 

ჰაერში 2000-ლარიანი ჯარიმის სუნი დატრიალდა... შევწუხდით... თუმცა, როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ჩვენზე არანაკლებ პოლიციელები შეწუხდნენ.

 

სასწრაფოდ გადარეკეს და ეკიპაჟები გააფრთხილეს, რომ ჩვენთვის პრობლემები არ შეექმნათ.

 

სრულიად ახალგაზრდები იყვნენ პოლიციელები, საოცრად თავაზიანები, ზრდილები, თბილები... აი, ისეთები, რა დედამ გაზარდაო, რომ იტყვი.

 

სამწუხაროდ, მათი გვარ-სახელები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, ეკიპაჟის მანქანის ნომერი FF920RR.

 

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ამ შესანიშნავ პოლიციელებს დიდი მადლობა ვუთხრათ.

 

ეს ამბავი წინა სამშაბათს მოხდა, ღამის 11 საათზე, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის სიახლოვეს.

 

„ს.გ.“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner