საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, 1938 წლის რუკის დისკრედიტაციას, რასაც ხორბალაძე „სრულ აბსურდად“ მიიჩნევს.
„7 წელია, ეს ხალხი ცდილობს 1:200000-იანი მასშტაბის რუკის დისკრედიტაციას და რამენაირად, საქმის თემიდან ჩამოცილებას. ამ მცდელობამ ყოველთვის უკვალოდ ჩაიარა. ესაა ფუჭი მცდელობა, ამის ჩახსნის ალბათობა ნულის ტოლია. დღეს საქართველოში მაინცდამაინც ბევრი კარტოგრაფი არაა, არის ცოტა, მაგრამ არიან პროფესიონალები, ყველამ ძალიან კარგად იცის აღნიშნული თემა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ისეთი პროფესიონალის, სპეციალისტის მოძიება, რომელიც ამ რუკის სიცუდეს, დამახინჯებას დაადასტურებს. სავარაუდოდ, ისინი იძულებულები გახდნენ, რომ მოეძებნათ ისეთი პიროვნება, რომელიც იტყოდა ისეთ რამეს, რაც მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამ დოკუმენტაციაში სულ სამი ტიპის რუკა არსებობს და იურიდიული საბუთებიც სამი ტიპისაა. ესაა 1920 წლის 12 აგვისტოს აღსტაფის ხელშეკრულება, მეორე ასახავს 1938 წლის მდგომარეობას, 1:200000-იანი მასშტაბის რუკები და მესამე რუკები 1991 წლის მდგომარეობას ასახავს, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოიშვა.
1996 წელს კომისიამ დაასკვნა, რომ ამ სამი იურიდიული დოკუმენტიდან, 1920 წლის რუკაზე არსებული მდგომარეობა, ფაქტობრივად, აზერბაიჯანისთვის მიუღებელი იყო, 1991 წლის მდგომარეობა კი, საქართველოსთვის იყო მიუღებელი. ყველაზე მისაღები მდგომარეობა იყო 1938 წლის მდგომარეობა და ის რუკები, რომლებიც ამ მდგომარეობას ასახავდა. ეს საქართველოსთვისაც მისაღები იყო და აზერბაიჯანისთვისაც. თუ ეს 1938 რუკის მიხედვითაა შეთანხმებული, მაშინ, რატომ არ ემთხვევა ამ წლის მდგომარეობას? როგორ წარმოუდგენია ამ ხალხს, რომ ეს რუკა შეცდომაა. როდესაც რუკის ცდომილებაზე საუბრობენ, არ არსებობს თეორიული შანსი. საზღვარი გადიოდა მწვერვალზე. ჯერ ამტკიცებდნენ, მაშინ შეეშალათო და ამის მტკიცება არ გამოუვიდათ. მთელი საომარი თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებების პროცესები ამ რუკებზე ხდებოდა. ამ რუკებს შემდგომი პერიოდის, 1940 და 1941 წლების გამოცემებიც გააჩნია, რომლებიც იგივე საზღვარს ატარებს, ამიტომ, ამაზე საუბარი სრული აბსურდი და სიგიჟეა“ - განაცხადა ნოდარ ხორბალაძემ.