ავტორი ლელა ანჯაფარიძე
ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს სიამოვნებით დავდგებოდი ამ ჩემს აივანზე,
ფლორია ტოსკასავით,
აუცილებლად ღრმად-დეკოლტიანი,
მუქ ბროწეულისფერ კაბაში...
გავშლიდი ტრაგიკულად ხელებს
(აუცილებლად, გიპიურ-ხელთათმანიანს)...
მაგრამ სიმღერას ვერ გაკადრებდით,
თუმცა, პუჩინის „ტოსკა“ ზოგჯერ მგონია,
რომ პუჩინიზე კარგად ვიცი...
უბრალოდ, მსოფლიოში არსებობს ერთადერთი საუკეთესო ტოსკა,
კავარადოსის რომ უყვარდა ასე ძალიან,
რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1923 წლის 2 დეკემბერს...
ეს გახლავთ მარია ანა სოფია კეკილია კალოგეროპულუ,
ანუ მარია კალასი...
ქალი, რომელიც ცხოვრობდა მუსიკით და მუსიკისთვის...
ებრძოდა საკუთარ წონას და გაიმარჯვა...
სხვათაშორის, სულ აფიქსირებდა დიეტის შედეგებს -
„ჯოკონდა“ -92 კგ, „აიდა“ -87 კგ, „ნორმა“ – 80 კგ, „მედეა“ -78 კგ, „ლუჩია დე ლამერმური“ – 75 კგ, „ალცესტა“ – 65 კგ, „ელისაბედი“ – 64 კილოგრამი!!!
როდესაც კალასი ასე ძალიან გახდა, 1957 წელს 57 კილოს იწონიდა, პრესამ ყველას აუწყა, რომ მისი წელი თავად ჯინა ლოლობრიჯიდას წელზე უფრო თხელი იყო...
უბრალოდ, გურჩენკოს არ იცნობდნენ...
კალასი იყო ქალი,
რომელმაც იმდენად გააგიჟა მასზე 2-ჯერ უფროსი ოლიგარქი ბატისტა მენეჯინი, რომ მან მარიას გამო დატოვა ყველა და ყველაფერი...
ქალი,
რომელიც ბავშვურად ენდო არისტოტელ ონასისის იახტიან სიყვარულებს (უინსტონ ჩერჩილის დასწრებებით) და როცა იმდენად ენდო, რომ მის გარეშე მართლა სუნთქვა ვერ შეეძლო, არიმ (როგორც მას მარია უძახდა), ის მიატოვა და ცოლად მოიყვანა ძალიან პრესტიჟული და მომხიბვლელი, ჯეკი კენედი...
მაშინ მარიამ თქვა -
„ჯერ დავკარგე წონა, მერე ხმა და ბოლოს - ონასისი“...
ჟაკლინის და არისტოტელის ქორწინება თავიდანვე ჰგავდა გარიგებას...
არისტოტელი, მეუღლეს რომ წაეჩხუბებოდა,
ისევ კალასთან მიდიოდა და არ ვიცი, ალბათ, ეს მისვლები არანაკლებ მტკივნეული იყო, ვიდრე მისი წასვლა...
ბოლოჯერ შესანიშნავი კალასი სცენაზე გამოვიდა 1974 წელს...
ამის შემდეგ, სახლიდანაც კი იშვიათად გადიოდა და გარდაიცვალა 1977 წლის 16 სექტემბერს...
ონასისმა დაასწრო 2 წლით...
როდესაც ონასისი გარდაიცვალა, პარიზის საავადმყოფოში, მის გვერდით იყო მხოლოდ მარია კალასი, რომელმაც ბოლო წუთამდე და წამამდე არ მიატოვა ...
მერე კი თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა -
„მის გარეშე არაფერს აღარა აქვს მნიშვნელობა“...
ჯეკი ამ დროს ბრძანდებოდა ნიუ-იორკში და როდესაც მეუღლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაიგო, სასწრაფოდ შეუკვეთა ვალენტინოსთან სამგლოვიარო კაბების კოლექცია...
კალასი კი საბოლოოდ ჩაიკეტა პარიზის ბინაში...
ინფარქტამდე...
მოდით, მაინც ოპტიმისტურად შევხედოთ ყველაფერს...
რაღაცა, იქნებ, ძალიან ხანმოკლე პერიოდში, მაგრამ მაინც ეს ქალი იყო ბედნიერი, იღიმებოდა და ისე მღეროდა, რომ მთელ მსოფლიოს აბედნიერებდა...
ერთხელ კი თქვა -
„რატომ უნდა მრცხვენოდეს, რომ ერთ კონცერტში მეტს ვიღებ, ვიდრე პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ერთ თვეში?
იმღეროს ჩემსავით და მიიღებს“...
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გულში სიმღერიან დღეს!!!
2018 წლის 2 დეკემბერი