logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ
- +

3 დეკემბერი. 2020. 15:45

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. მან ასევე ისაუბრა იმ შემთხვევების შესახებ, თუ როდის შეიძლება, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირების შედეგი „პისიარ“ ტესტით გადამოწმდეს.

 

„ძალიან ბევრი ადამიანია გადამზადებული ქვეყანაში, მხედველობაში მყავს ექიმი, ექთანი, სხვა სამედიცინო პერსონალი, ვისაც ამ მარტივი ტესტის ჩატარების უფლება აქვს.

 

თუ ანტიგენზე დამყარებული ტესტი გახლავთ დადებითი და ადამიანს აქვს სიმპტომები, მაშინ ის აღარ ექვემდებარება გადამოწმებას „პისიარ“ ტექნოლოგიით, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს არავითარი სიმპტომები, მაინც მივიდა და გაიკეთა სწრაფი ტესტი და არის დადებითი, მაშინ ექიმის გადაწყვეტილებით მას შეიძლება ხელმეორედ აეღოს ნიმუში და გადამისამართდეს უკვე „პისიარ“ ტექნოლოგიით გამოკვლევაზე. ასევე, როცა პაციენტს გამოხატული აქვს კოვიდის კლინიკური სიმპტომები და სწრაფი ტესტი იძლევა უარყოფით შედეგს, აქაც ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ ადამიანს აეღოს ხელმეორედ ნიმუში და ჩატარდება „პისიარ“ გამოკვლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, დეკემბერსა და იანვარში ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაიზრდება და ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და ადამიანთა იზოლირება, რაც შემოღებულ შეზღუდვებთან ერთად ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციის საშუალებას იძლევა.

 

„დეკემბერსა და იანვარში მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა ტესტირებისადმი, რათა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირება და ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ადამიანთა იზოლირება, რათა მაქსიმალურად პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების, რაც ერთ-ერთი ნაბიჯია შემზღუდავ ღონისძიებებთან ერთად ეპიდემიის გავრცელების შეკავების და მომავალში ეპიდემიის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის. ამიტომ ყველას გთხოვთ, მოსახლეობას, რომ ვისარგებლოთ სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით და თითოეულ ადამიანს, ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, ჩაიტაროს ტესტირება. მოგეხსენებათ ეს სიმპტომები არ არის მხოლოდ კოვიდისთვის დამახასიათებელი, რადგან ჩვენ ვართ რესპირაციული ვირუსების გავრცელების სეზონში. მართალია, გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა, ის ჯერ არ ცირკულირებს, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები - ადენო, რინო და ა.შ. რომელთაც ხშირად ის კლინიკური სიმპტომები ახასიათებთ რაც აქვს ვირუსს. ამიტომ სასურველია, რომ ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მივიდეთ პოლიკლინიკურ დაწესებულებაში, გამოვიკვლიოთ, გამოვრიცხოთ კოვიდი ან დავადგინოთ, რომ ეს სიმპტომები კოვიდით არის გამოწვეული და შემდგომ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით იმართოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner