„ბიზნესისგან, პოლიტიკოსებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან ხშირად ვისმენთ კრიტიკას, რომ ეს შეზღუდვები, ჩაკეტვები და ასე შემდეგ არაგონივრულია, მაგრამ ალტერნატიული წინადადება ვერავისგან მოვისმინე, რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობა არ ჩაგვეკეტა და მეორე მხრივ, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები შეგვენარჩუნებინა“, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ასეთი მოდელი არ არსებობს; ის მსოფლიოში ვერავინ შექმნა და შესაბამისად, როდესაც არჩევანი დგება ეკონომიკურ აქტივობას და სიცოცხლის გადარჩენას შორის, ბუნებრივია, ერთადერთი გამოსავალი ჩაკეტვაა“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური შეზღუდვები პირველ რიგში, მთავრობის ინტერესებში არ შედის, რადგან როდესაც პანდემია გადაივლის და ხელში მაკროეკონომიკური, თუ სხვა ტიპის გაუარესებული მაჩვენებლები შეგვრჩება, ამაზე პასუხისმგებელი ბუნებრივია, მთავრობა იქნება.
„ნებისმიერ შემთხვევაში პასუხს ხელისუფლებას მოვთხოვთ, ყველა გაუარესებულ პროცესზე, რომელიც ამ შეზღუდვებმა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლებისკენ ვიშვერთ ხელს და ვეუბნებით, რომ ეს წერტილოვანი თუ არაწერტილოვანი შეზღუდვები დრაკონულია და ა.შ. მაშინ ვინმემ უნდა თქვას, რა არის ალტერნატივა. და რა არის ალტერნატივა, ვირუსი თავის ნებაზე მივუშვათ და პაატა იმნაძეს დავესესხები – მერე კუბოები ვერ დავითვალოთ?! რასაკვირველია, ეს არავის უნდა და თუ არჩევანია ეკონომიკურ კეთილდღეობას და სიცოცხლეს შორის, ბუნებრივია, მეც და სხვა ადამიანებიც სიცოცხლეს ვირჩევთ“, – განაცხადა გვიდიანმა.