logo_geo
eng_logo
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
- +

5 დეკემბერი. 2020. 20:13

 

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ხარისხის მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად BritishStandardInstitute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო.

 

სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა: „სიამაყით გაცნობებთ, რომ საჩხერის საავადმყოფომ წარმატებით დაასრულა მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მენეჯმენტში ახალი მიდგომების დანერგვის ხანგრძლივი პროექტი. ჩვენი კლინიკის თანამშრომლების გუნდი მიმდინარე პროცესებს სწავლობდა, შეიმუშავებდა ცვლილებებს, რაშიც წამყვან ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში ახალ მიდგომებს იყენებდა“.

 

ISO 9001:2015 სტანდარტის ერთ–ერთი საკვანძო პრინციპია მომხმარებელზე, ამ შემთხვევაზე პაციენტზე ორიენტირება. ამდენად, პროცესში დეტალურად გაანალიზდა კლინიკის მომხმარებლზე ორიენტირებულობის ხარისხი.

 

„ისეთ კონსერვატიულ გარემოში, როგორიცაა სამედიცინო სფერო, ჩვენ მივაღწიეთ და შევძელით პაციენტების მართვის, მათი ინფორმირების, მოსალოდნელი შედეგებისთვის ავადმყოფების მორალური შემზადების შეცვლა“, – აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე.

 

რეფორმების ორწლიან პერიოდში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მთლიანად შეიცვალა პაციენტების მოვლისადმი მიდგომები: მათთვის სრულფასოვანი პანსიონი შეიქმნა, რითაც სრულიად გათავისუფლდნენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ავადმყოფის მოვლის თანმხლები პრობლემებისგან.

 

რეფორმების კლინიკურ ნაწილს რაც შეეხება, მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვის მიზნით კლინიკაში ახალი განყოფილებები გაიხსნა, შეიძინეს თანამედროვე მოწყობილობები. ახალი მიდგომების წარმატებით დანერგვის მიზნით, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან გამოცდილი სპეციალისტები მიიწვიეს.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე ამბობს, რომ გააქტიურდა თანამშრომლობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებთან, სადაც საჩხერელი ექიმები გამოცდილების გასაზიარებლად მიევლინებიან.

 

„ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს ვნერგავთ, ასევე მოვაწესრიგეთ პაციენტების მართვის ავტომატიზებული ბაზა. ახალი ციფრული სისტემა ავადმყოფობის ისტორიის ელექტრონულად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელშიც მთელი მკურნალობის პერიოდში მიღებული ინფორმაცია ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია ექისმებისთვის“, – ამბობს მაია ხელაძე.

 

საჩხერის კლინიკამ მთლიანად შეცვალა შესყიდვებისადმი მიდგომა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა და, რაც მთავარია, მიმწოდებელი კომპანიების შეფასების სისტემა დაინერგა. დღეს უკვე კლინიკა კარგად გადამოწმებულ, საიმედო მიმწოდებლებთან თანამშრომლობს. ეს კი საავადმყოფოს ხარისხიანი საქონლის მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

 

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახლად შექმნილი განყოფილებები ეფუძნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე სამედიცინო ბაზარზე არსებულ ახალ ტრენდებს.

 

„მსოფლიო ბაზარზე ჩვენი იმიჯის ფორმირების მიზნით გადავწყვიტეთ კლინიკის სისტემის სერტიფიცირება. ამ პროცესში მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი სასერტიფიკატო ორგანო –  British Standard Institute (BSI).

 

ამ ორგანიზაციას ასზე მეტი წლის გამოცდილება აქვს და ახალი სტანდარტების ძირითადი მომწოდებელია. ISO 9001 ამ ორგანიზაციის თანამშრომლებმა შექმნეს და მუდმივად აუმჯობესებენ სტანდარტებს. მსოფლიოში ასეთი ცნობილი ორგანიზაციის სერტიფიკატი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს გვიხსნის“, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

 

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, სრულყოფილი სამედიცინო სერვისით.ამჟამად საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება განთავსებულია 6 კორპუსში, რომლებიც, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გაშლილი.კლინიკას აქვს სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც ერთდროულად 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner