პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედებები ლოგიკიდან არის ამოვარდნილი. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე.
„განცხადებები, რომლებიც დღეს ევროპარლამენტარების მხრიდან მოვისმინეთ, ძალიან ბევრი გაკეთდა ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან. იქნებოდნენ ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ან ჩვენი სხვა მეგობრები. ამიტომ ცალსახაა, რომ საერთაშორისო არენაზე ერთი ჩამოყალიბებული პოზიციაა. ესაა ის, რომ ყველა არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ლოგიკურია ის მოწოდებები, რასაც ჩვენ ევროპარლამენტარების მხრიდან ვისმენთ“, – აცხადებს გიორგი კახიანი.
კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და მეორე მხრივ პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია.
„პარლამენტში უნდა შემობრძანდეს და კონსტრუქცილი ოპოზიციის როლი შეასრულოს. ჩვენ ამით ვართ დაინტერესებული, რადგან ძალიან კარგად ვხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კონსტრუქციული ოპოზიციის მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში.
იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ამ მოწოდებებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ევროპარლამენტარებისა თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან, გაითვალისწინებენ. გარდა ამისა, ყველა რაციონალური ლოგიკა და გადაწყვეტილება მათ უნდა კარნახობდეს, რომ საბოლოო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებაში იყვნენ ჩართულნი. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ისინი წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში“, – აცხადებს კახიანი.