„სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ გამოავლინა მაღალი პოლიტიკური კულტურა, ვერ გვაჩვენა სახელმწიფოებრივად აზროვნების მაღალი სტანდარტი და უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს და მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნას ეხმაურება.
ჩიხელიძის განმარტებით, საქართველო გამოწვევების წინაშე დგას და ახლა ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ახალი შესაძლებლობები გაეხსნა, რომ რეგიონში, კიდევ უფრო საჭირო და ძლიერი მოთამაშე გახდეს:
„საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა, პირველ ყოვლისა ახალ პარლამენტს წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ, რადგან ჩვენი ქვეყანა არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს საერთაშორისო არენაზე ახალი შესაძლებლობები გაეხსნა, შესაძლებლობა რომ რეგიონში, კიდევ უფრო საჭირო და ძლიერი მოთამაშე გახდეს. აღნიშნული მიზნის შესრულებისთვის კი მნიშვნელოვანი იყო/არის პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება. აღნიშნულის ნაცვლად კი ოპოზიციამ ქვეყნის გახლეჩვის და დაქსაქსვის გზა აირჩია, გზა რომელიც ჩანასახშივე მარცხისთვის იყო განწირული. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ გამოავლინა მაღალი პოლიტიკური კულტურა, ვერ გვაჩვენა სახელმწიფოებრივად აზროვნების მაღალი სტანდარტი და უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე (ნაწილმა თავი შეიკავა)“, - აცხადებს ჩიხელიძე.
მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკოსმა არარსებულ მანდატებზე თქვა უარი.
„აღნიშნული ქმედება გახლავთ ერთგვარი პოლიტიკური სუიციდი პოლიტიკური უმწიფრობის გამოვლინება, რომელიც ოპოზიციას სრულ განადგურებას და პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას უქადის. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებმაც უარი არ არსებულ მანდატებზე თქვეს.... პ.ს. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, "დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა" ბატონო „ისტორიკოსო“ ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ დემოკრატიის სამშობლო არის საბერძნეთი, დემოკრატიის განმტკიცების და განხორციელების ადგილი კი დემოკრატიული ინსტიტუტები (მაგ: პარლამენტი) ხოლო ქუჩა ლუზერთა, ხელმოცარულთა სამშობლო გახლავთ“, - აცხადებს ჩიხელიძე.