„სიფრთხილით ვსაუბრობ, მაგრამ ამას ასდის შეთქმულების სუნი და ამას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი და სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აყოლილები არიან მას“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმოამდგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ყაველაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, გზა, რომელიც საარჩევნო პროგრამაში იყო გაცხადებული, წარმატებული იქნება და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აუცილებლად შეიტანს.
„სამწუხაროა, რომ კვლავ მიწევს ამ არსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ასევე სამწუხაროა, რომ რიგი ოპოზიციური წარმომადგენლებისა, სააკაშვილის რიტორიკას აჰყვა. ეს ადამიანი, თავშივე იყო დესტრუქციული და მოუწოდებდა, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულიყო. ეს მახსენებს, კაპასი ბავშვის ახირებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ. სიფრთხილით ვსაუბრობ, მაგრამ ამას ასდის შეთქმულების სუნი და ამას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აყოლილები არიან მას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში გარანტი ვართ, რომ ჩვენი გზა, რომელიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იყო გაცხადებული- აუცილებლად შევიტანთ განაცხადს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.