„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა, უმრავლესობას საქმის კეთებაში ხელს არ შეუშლის.
როგორც კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოთა კავშირი ოპოზიციას ენატრება.
„როდესაც საქმეა გასაკეთებელი, არავითარი დისკომფორტი არ შექმნილა. ჩემ ქვეყანას აქვს გამოწვევები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ძალიან დიდი გამოწვევები საგარეო ვექტორზეც, რომლის წყვეტაც არ შეიძლება მოხდეს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც საზღვრავს ყველაფერს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინსტრუმენტია, რომლის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე დამოკიდებულია ევროკავშირის კარებზე დაკაკუნების საკითხი“, - განაცხადა კახაძემ.
კახაძე არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებას, რომ საბჭოთა კავშირი გაახსენათ ერთპარტიულმა პარლამენტმა და აცხადებს, რომ „გულდაწყვეტილია, რადგან ადამიანებმა, რომლებსაც ვიცნობ და ვიცოდი მათი პასუხისმგებლობის შესახებ, ვფიქრობდი, რომ ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ გაექცეოდნენ".
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ფლანგზე არიან ადამიანები, რომლებიც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ",- განაცხადა კახაძემ და დასძინა, რომ „ოპოზიციას მონატრებული აქვს საბჭოთა კავშირი“. „ჰიმნს უკრავენ. მე არ მადარდებს ეს ჰიმნი, არ მეხება. ეს ოპოზიციას მოსწონს“, - განაცხადა კახაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს, როგორც კახაძე ამბობს, ამას გონივრული ალტერნატივა არ აქვს.
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ფლანგზე არის ადამიანთა მთელი რიგი, გონიერად მოაზროვნე და სწორად ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც თვითონ აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ხედავენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯებს და ისინი მზად არიან, მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - განაცხადა კახაძემ.