„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2 მილიონი ბიულეტენიდან ქვეყნის მასშტაბით მეტობა იყო 25 ბიულეტენი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 მილიონი ხელმოწერის პირობებში 25 ჯერ გამორჩათ, ან გამოატოვებინა ხელმოწერა საარჩევნო სიაში ოპოზიციის წარმომადგენელმა რეგისტრატორმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როცა საუბარია ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (IშFED) დასკვნასა და განცხადებებში ბიულეტენების ჩაყრაზე, 25 ბიულეტენის ჩაყრას ჰქვია ჩაგდება... ეს სრული აბსურდია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასი ბიულეტენის ნაკლებობა ფიქსირდება.
„როგორ შეიძლება ნაკლებობა გამოიწვიო ხელოვნურად - შედის ამომრჩეველი უბანზე, აწერს ხელს ყველაფერზე, შედის კაბინაში და საბოლოო ჯამში ბიულეტენს საარჩევნო ყუთში არ აგდებს, იდებს ჯიბეში და მიაქვს სახლში. იგივე მეორე ტურის დროს, ოპოზიციამ გარეთ გამოიტანა ბიულეტენები, იმისთვის, რომ წაეწერა ზედ, თითქოს იყო საჯარო მოსამსახურე, ძალით უნდა მიეცა ხმა და არ მისცა და ბიულეტენი გარეთ გამოიტანა. მათ ასეთი ბიულეტენები გამოფინეს სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გამოტანილი ბიულეტენი ნიშნავს დისბალანსს საარჩევნო უბანზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია საბაბად იყენებს, რომ რაღაც გაყალბდა ამ დისბალანსის გამო, თუმცა მათ ეს ძალიან კარგად იციან, რომ ტყუილია.
„სტატისტიკაც ხომ უნდა დაადარო ერთმანეთს, რომელიც წინა არჩევნების იდენტურია“, - აღნიშნა კობახიძემ.