„ახლანდელ ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ბევრს ხელები ეფხანება, ისე ამოვიდა ყელში მათი უმსგავსობა. თავს ვიკავებთ, რომ რადიკალური ზომების გამოყენება არ დავიწყოთ და ჩვენც მათ არ დავემსგავსოთ. პოლიტიკაში ყოფნის კი არა, ხმის ამოღების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ქუჩაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეთ“, - ამის შესახებ მომღერალმა ზურა მანჯავიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პირადად მეც დამიშავეს, ვიღაცას რომ სასტიკად მოექცნენ და ეს გავაპროტესტე, ჩემ მიმართაც წამოვიდა აგრესია, ჩუმად რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კარგ ტალღაზე ვიქნებოდი და ახლაც. ჩვენი დაპირისპირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც 3 ნოემბერს მიტინგზე გამოვედი, ზღვარი გირგვლიანის მკვლელობა იყო, ამის შემდეგ განსაკუთრებული შეტევა დაიწყო ცნობილ ადამიანებზე, ვინც ხალხს უყვარდა, რათა მათ ხალხზე გავლენა არ მოეხდინათ. ყველანაირ ხერხს იყენებდნენ, იქით რუსეთია, აქეთ ეს ნათელი წერტილი მიშა, რომელსაც, მართალია ცოტა უხეშად გამოსდის რაღაცები, მაგრამ მომავლისთვის ასე ჯობიაო, გვეუბნებოდნენ.
თავი ისე მეჭირა, ვითომ არ მეშინოდა და იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ოჯახი მყავდა, უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო და შეიძლებოდა ნარკოტიკი ან რამე ჩაედოთ, ახლობლები მაფრთხილებდნენ შენი დაჭერა უნდათო, რაზე–მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს, დაგიჭერენ და რა მნიშვნელობა აქვს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან იარაღს, ან წამალს გაგიკეთებენ ძალითო. „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს, პარლამენტში თუ არ შევლენ, გახდებიან მარგინალები, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში და მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება, ჯერ არ გადაუთქვამთ სიტყვა თუ რა?“, - განაცხადა მანჯავიძემ.