„ჩვენ ვკონცენტრირდით ძირითადად იმ არსებულ ლოკაციებზე, როგორებიცაა მაგალითად ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი და წყალტუბო. ანუ, ის ადგილები, რომლებიც უკვე კურორტებად არის ჩამოყალიბებული და რომელსაც სჭირდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება და დიდი ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ ეს კურორტები ჩამოყალიბდნენ სრულად სრულფასოვან საერთაშორისო დონის კურორტებად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შემცირებული დაფინანსების გათვალისწინებით, უწყება იძულებული გახდა, რომ გეგმებისა და პრიორიტეტებისთვის გადაეხედა.
„შესაბამისად იმ პროექტებზე ვკონცენტრირდით, რომელიც უკვე შესაბამისი რეპუტაციით სარგებლობს, ნაცვლად იმისა, რომ გავაბნიოთ თანხები სხვადასხვა პროექტზე. სხვა ლოკაციების ჯერიც აუცილებლად დადგება. მაგალითისთვის, თუნდაც ველისციხის ჩამოყალიბება. ასევე მესტიაში ახალი ლოკაციის მოწყობა, სადაც მოხდება პრაქტიკულად დანგრეული კოშკების აღდგენა. ეს გეგმები უკვე დამუშავებულია, უბრალოდ ჩვენ შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ ამ გეგმების განხორციელების ეტაპობრიობაში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.