„კონტროლის მექანიზმი მკაცრად არის გაწერილი - წინა პერიოდში უფრო ლიბერალურად ვიქცეოდით, თუმცა ახლა ბიზნესი გაფრთხილებულია, რომ ასე აღარ იქნება. თუ დავინახავთ, რომ არ არის დაცული რეგულაციები, გამოყენებული იქნება როგორც ჯარიმა, ასევე საქმიანობის შეჩერება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„27 ნოემბერი და ე.წ. შავი პარასკევი ცუდი გამოცდილებაა, საიდანაც ყველამ თავისი გაკვეთილი გამოიტანა. ინდუსტრიასთან შეხვედრების დროს მე დავინახე, რომ ისინი მზად არიან მკაცრი რეგულაციების შესასრულებლად. თუ აქამდე 5 კვ. მეტრზე ერთი მომხმარებელი იყო დაშვებული, ახლა 20 კვ.მეტრზე იქნება. მათ აიღეს ვალდებულება, რომ ფასდაკლება იქნება მხოლოდ დილის საათებში, გაუქმდება გასახდელი ოთახები, ნივთის უკან დაბრუნება მხოლოდ თებერვალში მოხდება, გარეთ რიგების მართვაში თავად კომპანიები ჩაერთვებიან, თუმცა ესაა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. კონტროლის მექანიზმი მკაცრად არის გაწერილი - წინა პერიოდში უფრო ლიბერალურად ვიქცეოდით, თუმცა ახლა ბიზნესი გაფრთხილებულია, რომ ახლა ასე აღარ იქნება. თუ დავინახავთ, რომ არ არის დაცული რეგულაციები, გამოყენებული იქნება როგორც ჯარიმა, ასევე საქმიანობის შეჩერება. არ დაგვავიწყდეს, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორში 50 000 ადამიანია დასაქმებული. აქცენტი კეთდება მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე, მაგრამ ჩვენ ეს შემსუბუქება დავუშვით პატარა მაღაზიებისთვისაც, რაც სოციალური მნიშვნელობის მქონე ობიექტები, სადაც მცირე მეწარმეები და ინდმეწარმეები არიან დასაქმებულები. ესაა გამოცდა და ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული და წარმატებით გავუმკლავდებით ამ გამოწვევას“, - განაცხადა თურნავამ.