თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკანონობა სოლიდარობასთან არანაირ კავშირში არაა და ვისაც მართლა უჭირს, მძიმე სოციალური პირობები აქვს, მათთვის მერიის მხრიდან შესაბამისი პროგრამები არსებობს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2021 წელს 350 000 000 ლარია გათვალისწინებული.
„უკანონობა სოლიდარობასთან არანაირ კავშირში არაა, მე მგონი, ამაზე ვთანხმდებით. თქვენს საკუთარ სახლში, ან თქვენს საკუთარ მიწაზე ადამიანი რომ შევიდეს, განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას: ესაა ჩემი და არა თქვენი. ვინ უნდა დაგიცვათ?! უნდა დაგიცვათ კანონმა და სახელმწიფომ. არსებობს ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს და მძიმე სოციალური პირობები აქვს და მათთვის შესაბამისი პროგრამები არსებობს. შემთხვევითი არაა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2021 წელს 350 მლნ ლარია გათვალისწინებული. არსებობს ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მიწების მიტაცებით ხელს ითბობენ, რომლებსაც არაერთი ქონება აქვთ გაფორმებული“, - განაცხადა კალაძემ.