„კელი დეგნანის მიერ ცალსახად გამოითქვა მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
სერგეენკოს თქმით, ორმაგი სტანდარტის განცდა ჩნდება, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დასავლური ღირებულებების ერთგულებას დეკლარირებს და ამავდროულად, დასავლეთის ხმას არ ითვალისწინებს.
„მოქმედი ელჩი ყოველთვის ახმოვანებს იმ სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც ის წარმოადგენს. დიპლომატიური ენა ყოველთვის რბილია ხოლმე და ნაკლებად მოიცავს პირდაპირ, ცალსახა მითითებებს. გუშინდელ განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო გამოთქმული მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა. უმეტესი მათგანი დეკლარირებს დასავლური, მათ შორის ამერიკული ღირებულებების ერთგულებას, ძალიან რთულია და ორმაგი სტანდარტის განცდა გიჩნდება, რომ ერთი მხრივ, დეკლარირებ, რომ ეს ღირებულებები კარგია, მეორე მხრივ, იმ ქვეყნის წარმომადგენლის, იმ ქვეყნის ხმას არ ითვალისწინებ. ჩემი აზრით, ყურადღება უნდა მიაქციო.
ამერიკის ელჩის პოზიცია იყო ასეთი: ის ოპოზიციას მიმართავდა, რომ თუ თქვენ თვლით, რომ ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რა მოლოდინები გაქვთ, რომ განმეორებით ჩატარებული სხვანაირ შედეგს მოგცემთ. ამიტიმ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.