1932 წლის უკანასკნელი დღეა. საათი დავაყენე სწორედ თორმეტზე, და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ოთახი შეძლებისადაგვარად დავასუფთავე. ოთახშიაც და აივანზეც ანთია ელექტრონები.
მე მინდა მხიარულად შევხვდე ახალ წელს. არ მინდა მახსოვდეს უკანასკნელი დღეების კოშმარები (საღამო რომ გადაიდო ქართულ კლუბში, საშინელი კრიზისი რომ იყო და ხელი არავინ გამომიწოდა, რომ ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი, რომ „არც ერთი პიასტრი“ არ გამაჩნია, რომ ყველა მისაყვედურებს რაღაცას, დავდივარ უფეხსაცმელოდ);
ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე.
სხვა უკანასკნელ დღეებში არავითარი კარგი რამ არა ყოფილა ჩემთვის. რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე.
საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბავებიდან?..
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება.
ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად).
სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი. დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა, აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა, ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის.
ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუთუ ეს არ არის უბედურობა? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.
1932 წელი, 31 დეკემბერი
წიგნიდან: „გალაკტიონი. 200 ამბავი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2019.