„ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელის კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორად იყო გაგებული.
„ის არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც არაერთხელ უთქვამს და ჩვენს გვითქვამს. შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული ყველა ერთხმად აღვნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს პლატფორმად, იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში. საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია. ერდოღანის ინიციატივა თურქეთის გადმოსახედიდან ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულია მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ის იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა.
„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, - აღნიშნულია განცხადებაში.