საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი იქნება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. ამის შესახებ მინისტრმა ჟუტნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც ისაუბრა, რა არის გათვალისწინებული მთავრობის პროგრამით ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, რომელიც ხშირად წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოში შიდამგზავრობის კომფორტულ საშუალებას, არამედ არის იმ საერთაშორისო ავტომაგისტრალების ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აზიას, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს და რომელიც უზრუნველყოფს მეტ ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას ქვეყანაში.
„ამდენად, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა იქნება ჩვენი პრიორიტეტი. 2024 წლამდე ვგეგმავთ საერთაშორისო მაგისტრალების 95%-ის დამთავრებას. ამ მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს. ვგეგმავთ დაახლოებით 200 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებას. 2021 წელი ეს იქნება წელი, როცა ჩვენ კახეთის მიმართულებით, თბილისი-საგარეჯოს ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს დავიწყებთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, მისი თქმით, წყალმომარაგება არის მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემა.
„ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში, ჩვენ მილიარდნახევარი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. თანხა ხმარდება იმას, რომ 150 დასახლებაში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს დამატებით 360 000 ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მთავრობის პროგრამით 2024 წლამდე გათვალისწინებულია, რომ საქართველოში 2 800 000 ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება გამართული წყალმომარაგებით. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმაში ძალიან ბევრი პროექტია რეგიონული განვითარების მხრივ, ახალი ცენტრების შექმნა, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, გუდაური და ა.შ.“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.