„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც თეა ახვლედიანი დასძენს, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.
„იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით. სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და ე.წ. „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.