განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა „20/30"-ში საუბრობს განათლების სისტემის განვითარების საკითხებზე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლება გვქონდეს და ამაზე ერთობლივი მუშაობაა საჭირო
„სამინისტროები შევერთდებით, რომ ყველა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელს ბიზნესპარტნიორები ჰყავდეს. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს. პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური დასაყრდენი ეკონომიკასა და დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებაა და ეს ძალიან სერიოზული პრიორიტეტია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გერმანული მოდელი შრომის ბაზრის მუდმივ კვლევას გულისხმობს და დაფინანსება იმ პროფესიებისკენ იხრება, რაც დეფიციტშია.
„წარმოიდგინეთ, რომ 2016 წელს ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ პროგრამისტები გვაკლია და იურისტები ზედმეტი გვყავს. ასეთ შემთხვევაში, იურიდიულ ფაკულტეტს სტიპენდიებს და რაღაცებს ვუმცირებთ, პროგრამისტებს ვუზრდით და ვქმნით მოტივაციას", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რათა ჯანსაღი განათლების სისტემა შეიქმნას.
„ჩვენ შევქმენით პლატფორმა და ყველა სტუდენტს მოვუწოდეთ, ახალი მოდელის შექმნაზე იმუშაონ. 2-3 დღეში უკვე ასზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. ჩვენ გვინდა, ყველა სტუდენტი შემოგვიერთდეს და უმაღლესი განათლების ახალი, ჯანსაღი სისტემა გამოვაცხოთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლება გვქონდეს. მადლობა ღმერთს, გვყავს ხალხი, რომლებსაც აქვთ სურვილი, ამ მიმართულებით განვითარებას მხარი დაუჭირონ. რამდენიმე წელიწადში, ჩვენ ამ პროცესში თვისობრივ ცვლილებას შევიტანთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.