პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს.
„პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს. პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი ასევე მთავრობის მეთაურის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრობს.
„ევროპასთან ინტეგრაციის კურსი არ ნიშნავს ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით ქვეყნის მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ და არა უაპელაციოდ რაღაცეების გადმოვიღოთ, რაც არც ჩვენი ამოცანაა, არც ევროპაა და არც ევროპული ღირებულებები. საზოგადოების ერთ ნაწილში წარმოდგენაა, რომ ევროპისკენ ინტეგრაცია ეროვნული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს პირიქითაა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.