„მშიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მშიერია, მოწამლულს არ შეჭამს. რაც უნდა მშიერი იყოს ქართველი საზოგადოება, რაც უნდა ეკონომიკურად გაუჭირდეს, ის გეზს არ აიღებს იმ პარტიისკენ, რომლის გამოც შეიძლება უარესი ელოდეს, მით უმეტეს, რომ თუ ეკონომიკური გასაჭირი დაგვიდგა – და ყველა პროგნოზი გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური მომავალი არცთუ მომხიბვლელი გვექნება არც ჩვენ და არც სხვა ქვეყნებს – იქიდან გამოსავალს რომელი პარტია იპოვის?“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„ოპოზიცია ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ეკონომიკური სირთულეები „ოცნების“ ბოროტი განზრახვის შედეგი იქნება და ხმას არ იღებს იმაზე, რომ ამ სირთულეებს შეიძლება ობიექტური, ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი საფუძველი ჰქონდეს, ანუ „ნაცმოძრაობას“ სურს, ისევ და ისევ ტყუილზე ააგოს საზოგადოების ოპოზიციური განწყობა.
თქვენმა კითხვამ გამახსენა ორიოდე დღის წინ ქუჩაში შემთხვევით შემხვედრებთან ასევე შემთხვევითი დიალოგი. ერთს ვიცნობდი და იმან დაიწყო საუბარი ამ პრობლემებზე, მეორე, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩაერთო – რა გინდათ, კაცო, მოვიდნენ ეს „ნაცები“, რა გაგიხდათ მათი მოსვლაო. არგუმენტები იყო, რომ ბევრი რამ აქვთ აშენებული. ამათ რა აქვთ აშენებულიო? ისინი რაღაცებს ცდილობდნენ, მაგრამ ყველა რევოლუციასა და ცვლილებებს მსხვერპლი მოჰყვება და ამიტომაც იყო ხალხი ციხეებშიო. ჩემმა ნაცნობმა დასძინა, ვინც ციხეში იჯდა, მათი 90% იმსახურებდა ციხეში ყოფნასო... მე შევედავე, გზები ამათაც ხომ გააკეთეს-მეთქი, თანაც ამდენი, გაზიც გაიყვანეს... ვეღარავინ შემეკამათა. ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ „ოცნებას“ აქვს ერთი დიდი ხარვეზი – რასაც აკეთებს, ვერ აჩვენებს, ამის ნიჭი არა აქვს. მაგალითად, ჩამოვიდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი და აღფრთოვანდა ჩვენი კოვიდსასტუმროებით – ქართველებმა ეს როგორ მოიფიქრეთ, ევროპაშიც უნდა გადავიღოთო. გამოდის, შენ მსოფლიოსთვის რაღაც შესაშური, ჭკვიანური, მისაბაძი გააკეთე და არ უნდა ამას პიარი?! ეს დაახ¬ლოებით იგივეა, მზარეულმა გემრიელი საჭმლის გაკეთება იცოდეს, მაგრამ მისთვის მიმზიდველი¬ იერის მიცემა და სუფრასთან მიტანა არ შეეძლოს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თუკი რევოლუციური სცენარი მომწიფდა, ამაში „ოცნების“ დიდი დამსახურება იქნება¬. არა მარტო იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა (ასეთიც ბევრია), რაც გააკეთა, ისიც ვერ დაგვანახა... ახლა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცეს, თითქმის უცვლელად, არადა, ხალხს ცვლილება უნდა, შენი მომხრეც კი ამას ელოდება და შეცვალე, რა, რისი შეცვლაც შეგიძლია! კი ბატონო, კრიზისში ჩართული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ახლა ვერ შეცვლი, მაგრამ ყველა სტრუქტურა ხომ არ არის კრიზისში ჩართული?! ხალხს უნდა დაანახო, რომ ცვლილების მომხრე ხარ, მერე დასაყვედრებელი რომ არ ჰქონდეს არცთუ ჭკვიან ოპოზიციას, ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ უნდაო“, - განაცხადა საყვარელიძემ.